Sunday, June 14, 2009

ქალი შუასაუკუნეების დასავლურ და ქართულ ლიტერატურაში

შუასაუკუნეების კულტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქალის როლისა და ბუნების ფორმირებაში. სწორედ შუასაუკუნეებში ჩამოყალიბდა თვისობრივად განსხვავებული შეხედულებანი ქალზე, შუასაუკუნეებმა თითქოს ხელახლა აღმოაჩინა ქალი, როგორც არა ბოროტის, არამედ სიკეთის საწყისი. ცნობილია, რომ ქრისტიანული კულტურიდან წამოვიდა ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება ქალზე, ორი ქალის სახე ანტიპოდი, _ ცოდვილი ევა და ქალწული მარიამი. თუმცა ეს შეხედულებანი უფრო მეტად პოპულარული და აქტუალური იყო სწორედ დასავლეთში და არა საქართველოში სადაც ქალისადმი სიძულვილს მკვეთრი გამოხატულება არასოდეს ქონია.

წარმოდგენებს ქალის ბუნებაზე, დიდი ხნის ისტორია აქვს. ანდროცენტრული კულტურა ათასეული წლების განმავლობაში აყალიბებდა იდეალებსა და კულტურულ ხატებს, რომელშიც წამყვანი როლი უფრო მეტად მამკაცურ საწყისს ეკავა, ქალის როლი და სახე კი უმეტეს შემთხვევაში დამცრობილი იყო. საინტერესოა ქალის როლი მითოლოგიაში, ზღაპრებში, სადაც მათი სტატუსი საკამაოდ მაღალია. დასავლეთის მითოსი სავსეა ირეალური, ფეერიული ქალებით, რომლებიც არამიწიერი არსებები არიან, მაგრამ მათი რჩეულები უმეტეს შემთხვევაში მიწიერი მამაკაცები არიან. მაგალითად , ადრეულ კელტურ ლიტერატურაში ქალები თავად ირჩევენ ქმრებს და უდიდესი პატივით სარგებლობენ. მკვლევარებმა უკვე აღნიშნეს ის ფაქტი, რომ სწორედ კელტების მითოლოგიური სასიყვარულო ისტორიები უყრიან საფუძველს შუასაუკუნეობრი სარაინდო რომანებს.

ასევეა ქართულ მითოსშიც, `ამირანის თქმულებიდან~¬ ვიგებთ, რომ მამამისი ჩვეული მოკვდავია, ხოლო დედა ნადირობის ქალღმერთი დალი, საინტერესოა ქართული ჯადოსნური ზღაპრებიც, რომლის მთავარი ღერძი მზეთუნახავი ქალია, მის გარშემო იკვრება და იხსნება კვანძი.
ცნობილია ქალის როლი საბერძნეთსა და რომში,
სადაც პირველ რიგში იდგა არა პიროვნება, არამედ სახელმწიფო და აქედან უკვე განსაზღვრული იყო ქალის როლი და სტატუსი, იგი არ განეკუთვნებოდა თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეთა წრესხოლო რაც შეეხება ქრისტიანობას, რომელმაც ძირეულად შეცვალა ბევრი რამ კაცობრიობის აზროვნებასა და კულტურაში, წარმოდგენები ქალზე აქაც ეტაპობრივად ყალიბდებოდა და იცვლებოდა. როგორც რუსი მკვლევარი ე. ეშევსკი განმარტავს, დასავლურ, უკვე გაქრისტიანებულ ევროპაში, ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე, მოაზროვნეების წინაშე სერიოზულად დაისვა ასეთი კითხვა, ქალი, არის თუ არა იგი ადამიანი ? მრავალი საწინააღმდეგო მოსაზრებების შემდეგ, ერთ-ერთმა ღვთისმეტყველმა ასეთი არგუმენტი მოიტანა : _ ბიბლიაში იესო არის ღვთის ძე, მაგრამ მიწაზე ის არის მარიამის ძე, ანუ ქალის ძე, ამისდა კვალობაზე, ქალი ადამიანია, თორემ მისი ძე ვერ იქნებოდა კაცობრიობის მხსნელი, ამ არგუმენტის საწინააღმდეგო არაფერი იყო და ამ კრებაზე ქალი აღიარეს ადამიანად . ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ ქალი თავისი ბუნებით იყო არასრულყოფილი, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური მონაცემებით, აპელირებას ახდენდნენ შემდეგი ფრაზისას ძველი აღთქმიდან (შესაქ. 1.2), რომ ქალი ღმერთმა შექმნა მამაკაცის შექმნის მერე, მისი ნეკნისგან, მისთვის და იქ არ არის ხსენება იმისა შთაბერა თუ არა მას სული. ახალ აღთქმაში კი შეხედულება ქალზე სრულიად სხვაგვარია. მათესთან, მარიამი არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სულიერი დედაცაა ქრისტესი, ქალმა კი არ დაღუპა კაცობრიობა, არამედ გადაარჩინა იგი, მიანიჭა რა სიცოცხლე კაცობრიობის მხსნელს, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ, მარიოლოგიური კულტი, რომელიც V საუკუნეში იღებს სათავეს, ფართო გავრცელებას მხოლოდ XI საუკუნეში პოულობს. თუმცა ამ ქრისტიანული დოქტრინის ელემენტებს ხელი არ შეუშლიათ ზოგიერთი ქალთმოძულე ავტორებისათვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არაფერი საერთო მადონას, მარიამს, ჩვეულებრივ მოკვდავ ქალებთან არა აქვს და არც შეიძლება ქონდეს . სანამ უშუალოდ გადავალთ შუასაუკუნეების კულტურაზე და ქალის როლზე ამ საუკუნეებში, ალბათ ორიოდე სიტყვით უნდა მოვიხსენიოთ ქალი ქართული ადრეული პერიოდის ნაწამოებებში, კერძოდ `შუსანიკის წამებაში~¬, სადაც შუშანიკი გვევლინება, როგორც ქალი, დედა და ბოლოს წმინდანი, შუშანიკის უფლებები მართალია შელახულია, მაგრამ შუშანიკი არ არის ისეთი დამცრობილი და უუფლებო, როგორიც ამ პერიოდის დასავლურ , თუნდაც აღმოსავლურ ლიტერატურაში ასახული ქალი, შუშანიკი გარკვეულწილად დამოუკიდებელი პიროვნებაა, იგი თავისი ნებით მიდის ქმრის სახლიდან და მიუხედავად არაერთი დამცირებისა და შეურაცხყოფისა, თავის პოზიციებს არ ღალატობს, მართალია იგი გვევლინება როგორც რწმენის უდიდესი დამცველი, მოწამე, მაგრამ იგი ბოლომდე მაინც ქალია, რომელიც ვერ პატიობს ვარსქენს მის წინაშე ჩადენილ დანაშაულობებს, მაინც ოცნებობს, რომ ღმერთმა განსაჯოს იმ ქვეყნად ორივე, იქ, სადაც `არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადაც ვარსქენს მიეზღვება, რამეთუ `მან ნაყოფნი მისნი უჟამოდ მოისთულნა და სილამაზე მისი უდროოდ დააჭკნო...~ იაკობ ხუცესმა საოცარი რეალისტურობით ასახა, წმინდანის და ამავე დროს მოკვდავი ქალის სახე. საინტერესოა ზენონის დის სახეც `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში~¬, სადაც ზენონის და თვითონ ირჩევს საქმროს და მიყვება კიდეც მას, ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქალის სტატუსი ბევრად უფრო მაღალია იმდროინდელ საქართველოში, ვიდრე ევროპაში.შუასაუკუნეებმა, როგორც სინთეზურმა ნაზავმა ანტიკურობისა და ქრისტიანობისა, ბევრი რამ იმემკვიდრა როგორც ერთი, ისევე მეორე კულტურისაგან, ასეთი იყო შეხედელებებიც ქალზე, იმისათვის რომ შევაფასოთ და ჩავწვდეთ საეკლესიო ავტორების შეხედულებებს XII-XIV საუკუნეებში, უნდა განვიხილოთ ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა ნაშრომებიც, მაგალითად არისტოტელეს სწავლებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პატრიარქალური ტრადიციების განვითარებაში, ერთ-ერთ ტრაქტატში ის ამბობს, რომ ქალი მამაკაცთან შედარებით დაუსრულებელი, არასრულყოფილი ქმნილებაა. თომა აკვინელი (1225-1274), რომელიც იყო შუასაუკუნეების აზროვნებაში უდიდესი ავტორიტეტი და რომლის ფილოსოფია მნიშვნელოვნად ემყარებოდა არისტოტელესას, ამტკიცებდა ანალოგიურს _ მამა ესაა აქტიური საწყისი, ხოლო დედა პასიური, შესაბამისად ბავშვისთვის მამა უფრო საყვარელია როგორც სრულყოფილება, ვიდრე დედა. ისიდორე სევილიელი თავის ერთ-ერთ ნაშრომში ეტიმოლოგიურ ახსნას უძებნის ბუნებაში ყველაფერს, იგი ამბობს, ლათინური სიტყვა ვირ (მამაკაცი) მომდინარეობს სიტყვისაგსნ ვის (ძალა) ასევე კავშირი აქვს სიტყვასთან ვირტუს (სიკეთის მქნელი), ხოლო სახელწოდება ქალი მულიერ მომდინარეობს ზედსართავი სახელისგან მოლლის რაც ნიშნავს (სუსტი, რბილი, მყიფე). მაღალ შეფასებას აძლევს ქალს პეტრე ლომბარდიელი (XIIს), იგი ამტკიცებდა , რომ ქალი შექმნილია მამაკაცის ნეკნისაგან და არა სხვა ნაწილისგან, ის რომ ადამის სხვა ნაწილისგან ყოფილიყო შექმნილი, მაგალითად თავისგან, მაშინ მას უნდა ემართა მამაკაცი, ფეხისგან რომ შეექმნა ის უფალს, მაშინ მამაკაცის მსახური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის არც მმართველია და არც მონა. კაცმა უნდა იცოდეს, რომ ქალი მის გვერდით უნდა იყოს როგორც მისი თანასწორი და მათი კავშირი სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული . უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ ქალებს სხვა ავტორები, მაგალითად ჰიმბერტო რომანელი (XIII ს. ) ამტკიცებს, რომ ქალს, ღვთისგან მონიჭებული აქვს ბევრი ისეთი თვისება რომელიც კაცს არ გააჩნია, მაგალითად კაცი თიხისგან არის შექმნილი, ქალი კი სრულყოფილი მამაკაცის ნეკნისგან, ამიტომ იგი მეტად დახვეწილი და სრულქმნილია. ქრისტეს წამებისა და ჯვარცმის აცილებას ცდილობდნენ ქალები, პილატეს ცოლი და ამარიამ მაგდალინელი, მაშინ როცა ქრისტეს წამებისთვის არცერთ მამაკაცს არ შეუშლია ხელი . უნდა აღინისნოს რომ საქართველოში ქალში არ ხედავდნენ რაიმე ბოროტის საწყისს. საქართველოსი არ იმართებოდა პოლემიკა იმის თაობაზე იყო თუ არა ქალი ბოროტების საწყისი ევა, პირიქით საქართველოსი როგორც ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში ყოველთვის იყო ქალისადმი მსახურების, მისდამი პატივისცემის დიდი ტრადიციები. როგორც კ. კეკელიძე შენიშნავს, საქართველოში ჯერ კიდევ X საუკუნეში ქალს ეუბნებიან : `ვხედავ ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ლომისა ძუვისასა, რომელი იზახის ყოველსავე ზედა ოთხფერხსა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ჰაერისა უფროის მამლისა¬ (ნინოს შატბერდული ცხოვრება).
თამარის მეფობის დროს იგი სამების მეოთხე ჰიპოსტასად შერაცხეს, ანუ გააღმერთეს. ქალის როლის მნიშვნელობას და ერთგვარ აგიტაციას მიუძღვნა თავისი ნაწარმოები `საკითხავი სუეტისა ცხოველისაი’ თამარის დროინდელმა მოღვაწემ ნიკოლოზ გულაბერისძემ.
თამარის დროის მოღვაწეა იოანე შავთელი, რომლის `გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანში~, ზოგიერთი ავტორის მტკიცებით, შეფარვით თამარია შექებული. XI საუკუნიდან მარიამის კულტი უფროდაუფრო იზრდება, რაინდობის კულტის პარალელურად და იღებს თავისებურ ფორმას რაინდთა წრეში, ეს არის მშვენიერი ქალისადმი მსახურება. ანუ კურტუაზული სიყვარული. გამოთქმას კურტუაზული სიყვარული, არასოდეს იყენებდნენ შუასაუკუნეების ავტორები, ისინი ამჯობინებდნენ ტერმინებს `ვრაი ამორ, ბონნე ამორ _ მშვენიერი სიყვარული, გულწრფელი, ჭეშმარიტი სიყვარული. ტერმინი კურტუაზული სიყვარული პირველად გამოიყენა ფრანგმა მედიევისტმა გასტონ პარისმა. ასეთ სიყვარულს ჩვენ წარმოგვიდგენენ პოეტები და რომანისტები XII-XIII საუკუნეებში. კურტუაზული სიყვარული შემდეგ პრინციპებს ემყარებოდა :1. ქორწინებაში არ არის ბედნიერება.2. რაინდი უნდა ემსახუროს ქალს, მოთმინებით აასრულოს მისი ყოველგვარი კაპრიზი.3. იდეალი რაინდისა და ქალის რაინდ-მსახურისა, თითქმის იდენტური იყო. ნამდვილი რაინდი, ღირსეული და დიდსულოვანი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ კურტუაზული სიყვარულის საშუალებით. ხოლო პირობა რაინდული კოდექსისა იყო_ დუმილი, მოთმინება და ერთგულება მონისა ქალბატონის მიმართ.(საინტერესოა, დუმილის ფენომენი, ანუ საყვარელი ქალის სახელის დამალვა, სიყვარულის ობიექტის სახელი ყველასგან საიდუმლოდ უნდა შეენახა რაინდს, ამავე პოზიციაზე დგას რუსთველი, როცა აცხადებს : `ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა აცხადებდეს...(29) ‘, `გულსა მისსა სიყვარული მისი ჰქონდა დამალულად’ (42) და ა. შ. საინტერესოა, რომ როგორც ზოგიერთი ფრანგი მკვლევარი შენიშნავს, სატრფოს სახელის საიდუმლოდ შენახვა იმით იყო განპირობებული, რომ უმეტეს შემთხვევაში საყვარელი ქალი გათხოვილი იყო, ეჭვიანი ქმრები კი ხშირ შემთხვევაში სასტიკად უსწორდებოდნენ, როგორც ცოლებს, ასევე მათ ცოლებზე შეყვარებულ რაინდებს. რუსთველთან კი ასეთი სიყვარული არ არის გაიდეალებული. რუსთველთან სატრფოს სახელის საიდუმლოდ შენახვა ალბათ უფრო მეტად იმითაა განპირობებული, რომ მეტრფეები სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე დგანან, სატრფოები კი მეფეებად გვევლინებიან, ეს არის ერთგვარი რიდი და პატივისცემა, როგორც სატრფოსადმი ასევე სატრფო-მეფისადმი (საქართველოში მეფედ იწოდებოდა თამარი, ასევეა რუსთველთან, თინათინი მეფედ იწოდება). ტრუბადურების პოეზია, უფრო მეტად ატარებს მისტიკურ ხასიათს და უფრო მეტადაა შთაგონებული პლატონური სიყვარულით, ვიდრე კურტუაზული რომანები, ამიტომ ქალი, რომლის წინაშეც ქედს იხდის ტრუბადური, უფრო მეტად ამაღლებული და ეფემერული ქმნილებაა. შუასაუკუნეებში ამ პერიოდისთვის უკვე მომზადებული იყო ნიადაგი იმისთვის, რომ მიწიერ სიალამაზეში დაენახათ ანარეკლი ღვთიური სილამაზისა, არსებობს წარწერა სენ დენის ეკლესიის კარიბჭეზე, რომელიც ერთ-ერთ აბატს ეკუთვნის _ ამქვეყნიური სილამაზით სული მაღლდება ჭეშმარიტ სილამაზემდე, ანუ მიწიდან მიილტვის ზეცისკენ. ამიტომ არ არის გასაკვირი, თუკი პოეტები, რომლებიც უმღეროდნენ ქალის ამქვეყნიურ სილამაზეს, საყვარელ ქალთან ერთად ახსენებენ ანგელოზებსაც, ხშირად კი სატრფოში ღმერთსაც ხედავდნენ. შუასაუკუნეების პოეზიის ენაზე ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ღირსება ასეთი ქალისა და უპირველეს ყოვლისა მისი სილამაზე უკვადავია, ასეთი სილამაზე ჭეშმარიტად ღირსია `ამაღლებული სიყვარულისა’, ასეთი სიყვარული კი ღირსია აპოთეოზისა.


ამიტომაა, რომ პიერ ვიდალი, უცქერის რა საყვარელ ქალს, იგი ხედავს მასში ღმერთს, ერთ-ერთი პოეტი კი ამბობს, ოთხასი ანგელოზის ღიმილი ვერ შეედრება საყვარელი ქალის ღიმილსო. საინტერესოა, რომ რუსთველთან, რომელიც არაჩვეულებრივი და ამაღლებული მეტაფორებით ამკობს თავის გმირებს, არასდროს არ ადარებს მათ არც ანგელოზებს, არც ღვთაებებს, რუსთველის გმირები მზით განათებული, მზის სილამაზის მოცილე პერსონაჟები არიან, (საინტერესოა მზის კულტიც ქართულ ლიტერატურასა და მითოსში, მზე ქართული წარმართული ღვთაება იყო, რელიგიურ-მითოსური წარმოდგენები მზის ქალ-ღვთაებაზე საინტერესოდ აისახა ქართულ ჯადოსნურ ზღაპრებშიც, მზეთუნახავის ეტიმოლოგიას, ისევ მზემდე მივყავართ, რუსთაველის გმირებიც ხშირად მზედ მოიხსენებიან, ან მზეს ეცილებიან სილამაზეში) მართალია რუსთველს არ სჭირდება თავისი პერსონაჟის ღიმილი ოთხასი ანგელოზის ღიმილს შეადაროს, მაგრამ არანაკლები ექსპრესიითა გადმოცემული შემდეგი სტრიქონი `ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრი გამოსჭვირდეს’... საინტერესოა ტრუბადურების მიუწვდომელი, ეფემერული ქალი-ღვთაება როგორ გადაიზარდა სისხლისა და ხორცისაგან შექმნილ არსებად, რომელიც რაინდს ხიბლავს და ატყვევბს თავისი ხორციელი სილამაზით. ამავე დროს ეს მომხიბვლელი ქალბატონი ხშირ შემთხვევაში გათხოვილიცაა, თუმცა ეს ხელს არ უშლის არს მას და არც მის მეტრფეს. ფრანგი მკვლევარი პ. ბადელი მიუთითებს რომ ეს იყო თავისებური რექცია რელიგიურ მორალზე, XII საუკუნეში ეკლესია ხშირად იშველიებდა ციტატას წმინდა იერონიმესგან : `სხვისი ცოლისადმი ყოველგვარი სიყვარული სამარცხვინოა, ხოლო მას, ვისაც გადამეტებით უყვარს თავისი ცოლი, ისიც ცოდავს¬და სამარცხვინოდ იქცევა~¬ . პირველები ამ სწავლების წინააღმდეგ გამოვიდნენ ლანგედორელი პოეტები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ სიყვარული სიგიჟე კი არა სიბრძნეა, რომ სიყვარული სასიცოცხლო საწყისისა, საწყისი ყოველგვარი სიკეთისა, რომელიც აკეთილშობილებს ადამიანს.როგორც უკვე აღვნიშნეთ შეხედულებები სიყვარულზე, ქალზე, ნელ-ნელა იცვლებოდა. ეს კარგად აისახა `ვარდის რომანში~¬ რომლის პირველი ნაწილი გილიომ დე ლორისს ეკუთვნის 1240წ. ხოლო მეორე ნაწილი 40 წლის შემდეგ დაასრულა ფრანგმა პოეტმა ჟან დე მენმა. მართალია სხვაობა I და II ნაწილებს შორის მხოლოდ 40 წელია, მაგრამ დამოკიდებულება და შეხედულება უკვე შეცვლილია. სიყვარული, არის ძირითადი თემა, რომელსაც უკავია ცენტრალური ადგილი ნაწარმოებში, მაგრამ სიყვარული არა პლატონური, როგორც პირველ ნაწილში იყო, არამედ ხორციელი.
ჩვენ არ შევეხებით აქ იმ შეხედულებებს, რომლიც რუსთველის `ვეფხისტყაოსანში’ განხილულ სიყვარულს მიეძღვნა, სადაც ზოგიერთი მკვლევარი მის ღვთაებრიობას უსვამდა ხაზს, ზოგი კი მის ამქვეყნიურობაზე მიუთითებდა, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ რუსთველთან ამქვეყნიური სიყვარული უკვე თავისთავადი ღირებულებაა, ისაა უმაღლესი მიზანი და ამქვეყნიური ბედნიერება, რომლის იდეალი მეუღლეობრივი სიყვარულია .
უკვე მეცამეტე საუკუნეში გვიდო გვინჩელი (1240-1276) წერს : `ქალის სიყვარული, ისევე აკეთილშობილებს ადამიანის სულს, როგორც ღმერთის სიყვარული’. საინტერესოა ამ მხრივ ბიზანტიური კულტურაც, რომელთანც საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, შუასაუკუნეების ბიზანტიაში რელიგიური კონცეფცია სიყვარულისა იყო მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი. ბიზანტიის განვითარებისა და ჩამოყალიბების მანძილზე, არსებობას განაგრძობდა ანტიკური შეხედულება სიყვარულზე, ეს უფრო მკვეთრად გამოიხატა XII საუკუნის ბიზანტიურ რომანში, ავტორებმა წინა პლანზე წამოსწიეს სიყვარულის ესთეტიური მხარე. მიწიერი სიყვარულის ესთეტიზაციამ მიიღო სხვა შეფერილობა. წინა პლანზე წამოიწია გმირების სილამაზის აღწერამ, მათი ლირიული ამბების თხრობამ. უკვე გააზრებულია, რომ ქალისა და მამკაცის სიყვარული ღირსია ყოველგვარი ქებისა, სიყვარულმა და სილამაზემ უნდა მიგვიყვანოს ოჯახის შექმნამდე ეს შეეფერებოდა შუასაუკუნეობრივი ეთიკის ნორმებს. მკვლევარებს, რომელთაც განიხილეს ქალის როლი იმდროინდელ საზოგადოებაში, გვერდი არ აუვლიათ არც იმდროინდელი ქალის ჩაცმულობისთვის, მხედველობიდან არ გამორჩენიათ არც ის კრიტერიუმები, რომლთაც იმ ეპოქაში ქალის სილამაზე ფასდებოდა. ანდრეა კაპე ლანი თავის ტრაქტატში სიყვარულზე (1184-1186), გამოყოფს სამ გზას სიყვარულის მისაღწევად, ესენია : სილამაზე, სიკეთე და მჭერმეტყველება. რაც შეეხება სილამაზეს, სიყვარული ეფუძნებოდა ფიზიკურ მოწონებას, მარია ფრანციელი თავის ლიეში ლანვალზე, ასე აღწერს დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალის სახეს : ის კარგი აღნაგობისაა, წვრილი წელი აქვს, მისი ყელი თოვლზე უფრო თეთრია, თვალებს კი მონაცისფრო, მოლურჯო ელფერი დაჰკრავთ, მშვენიერი პირი და სწორი ცხვირი ამშვენებს მის ნათელ სახეს, მისი თმა ქერა და ტალღოვანია, რომელიც დღის შუქზე, ოქროსავით ბრწყინავს . XII საუკუნეში რობერ დე ბლუა წერს ენციკლოპედიური სახის ნაწარმოებს `ქალთა უბიწოებაზე’, რომელიც ერთგვარი ენციკლოპედიაა კურტუაზული ქცევის ნორმებისა, იგი მოუწოდებს ქალებს, ისწავლონ ლამაზად ჩაცმა და საზოგადოებაში ქცევის ნორმები. ამავე ტიპისაა ფრანჩესკო დე ბარბერინოს (1264-1348) `ქცევისა და მანერის წესები’.ქალის სილამაზეს აღწერს არნაუტ დე მარეილი : მას ოქროსფერი თმები უნდა ჰქონდეს, ნაცრიფერი თვალები, ძვირფასი ნაკვთები და ვარდისფერი ლოყები, პატარა ყურები, გრძელი და თლილი თითები, მარგალიტზე თეთრი კბილები... ასეთი სილამაზით გამოირჩევა `თეთრხელება იზოლდა’ (`ტრისტანი და იზოლდა’ , ასევე ლანსელოტის მიჯნური გვინევრა (`ლანსელოტი, ანუ ურმის რაინდი’ და ა. შ.). არც რუსთველს აუვლია გვერდი თავისი გმირების სილამაზის აღწერისა და ჩაცმულობისთვის, თინათინის შესახებ ის ამბობს : `თინათინ მზესა სწუნებდა მაგრამ მზე თინათინობდა’ (52)`მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ უხშირონი’ (127)ანდა : `გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონიებურეს მოშლნით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი’ (127)ხოლო ნესტანს ,`მელნისტბისფერი თვალები ამშვენებს, ლალისფერი ლოყები და ბროლივით თეთრი სახე `ბროლ-ბალახშსა ამშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი`მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი’ (486). მოკლედ მიმოვიხილეთ ქალის როლი და სტატუსი ადრეული პერიოდის ზოგიერთ ნაწარმოებში და შუასაუკუნეების ლიტერატურაში. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთველის პოემაში ასახული ქალი, არის ამაღლებული, კეთილშობილი მანერების მქონე ქალი, გარკვეული ეტიკეტი, ქცვისა და მოქცევის წესები არსებობდა რუსთველის დროსაც. რუსთველის პერსონაჟი ქალებისთვის უცხოა ღალატი, ისევე როგორც ბერძნული რომანისთვის, რომლის გმირებსაც უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ, `მათ სიყვარულში არის სრული ემანსიპაცია, ქალის მამაკაცთან ტანასწორობა და სრულუფლებიანობა. ასევეა ნაწარმოებში `სიმღერა ნიბელუნგებზე’ სადაც ბრუნხილდა თავს იკლავს ზიგფრიდის სიკვდილის შემდეგ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გერმანულ ლიტერატურაში მეუღლეობრივი ერთგულების დარღვევა იშვიათად გვხვდება, განსხვავებით ფრანგული ლიტერატურისგან. ბერძნული რომანი უფრო ახლოს დგას ქართულ ვეფხისტყაოსანთან თავისი იდეალებით, ვიდრე დასავლური, კურტუაზული რომანი, სადაც მამაკაცები მოთმინებით ასრულებენ საყვარელი ქალის ყოველგვარ დამამცირებელ კაპრიზს.იდეალი ვეფხისტყაოსნისა არის ოჯახის შექმნა, მაშინ როცა დასავლური ლიტერატურა ამბობს, რომ ქორწინებაში არ არის ბედნიერება, არც სიყვარული. ულრიხ ფონ ლიხტენშტეინს (XIII) აქვს ასეთი ფაქტი მოყვანილი _ ერთ რაინდს შეუყვარდება ქალი, რომელსაც უკვე ყავს სატრფო, ქალს ეცოდება შეყვარებული რაინდი და პირობას აძლევს, რომ თუკი ოდესმე დაკარგავს სატრფოს, მას აღიარებს თავის რაინდად. ქალი ცოლად მიყვება თავის მიჯნურს, სწორედ მაშინ მოდის უიმედოდ შეყვარებული რაინდი და პირობის შესრულებას თხოვს, მერე კი საქმეს სასამართლოში აგრძელებს, მოსამართლის განაჩენი შემდეგია: ქალმა უნდა აასრულოს პირობა, რადგან გაყვა რა თავის სატრფოს, მან დაკარგა სიყვარული, რადგან სიყვარული ცოლ-ქმრობაში არ არსებობს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ რუსთველმა თავისი იდეალებით წინ გაუსწრო ევროპას, იქადაგა რა, მეუღლეობრივი სიყვარული, ქალისა და მამაკის თანასწორობა, იგივე გენდერული თანასწორობა, რომელიც დღევანდელ ეპოქაშიც საკმაოდ აქტუალურია.


No comments:

Post a Comment